fbpx

როდის გვჭირდება ექიმი ორთოპედ-სტომატოლოგის დახმარება?

როდის გვჭირდება ექიმი ორთოპედ-სტომატოლოგის დახმარება?

ალბათ გაინტერესებთ, როდის გვჭირდება ექიმი ორთოპედ-სტომატოლოგის დახმარება, რა გზას გადის თითოეული პაციენტი კონსულტაციაზე მოსვლიდან მკურნალობის დამთავრებამდე?

შევეცდები მაქსიმალურად დეტალურად და გასაგები ენით აგიხსნათ ყველა ეტაპი და ვირტუალურად გამოგზაუროთ ჩვენს სივრცეში, სადაც ძალიან კარგი და საინტერესო ამბები ხდება.

პირველ რიგში გეტყვით როდის გჭირდებათ უშუალოდ ექიმ ორთოპედ სტომატოლოგის დახმარება:

1️⃣ თუ თქვენ გაქვთ პირის ღრუში ერთ ან რამდენიმე კბილზე დიდი ზომის კარიესი ან/და დიდი ზომის ბჟენი, რომელსაც აუცილებლად ჭირდება ე.წ დაცვა გვირგვინის საშუალებით. (როგორც მოგეხსენებათ, რაც უფრო დიდი ზომის არის ბჟენი, მით უფრო სუსტია მისი კავშირი კბილის ქსოვილებთან და საჭიროებს დაცვას გვირგვინის საშუალებით.)

2️⃣ თუ თქვენ გაქვთ ღრძილის დონეზე ან ღრძილს ზევით გადატეხილი კბილი, ტრავმის ან სხვადასხვა მიზეზით განპირობებული.

3️⃣ ფერშეცვლილი კბილი.

4️⃣ ესთეტიკურად არასასიამოვნო ზომის ან ფორმის კბილი.

5️⃣ გაწუხებთ კბილების ცვეთა, რის შემდეგაც კბილი იცვლის ზომას და ფორმას.

6️⃣ გაქვთ ერთი ან რამდენიმე კბილის დანაკლისი.

7️⃣ თუ გაქვთ სრულიად უკბილო ყბა.

8️⃣ ძვალში უკვე ფიქსირებული და ინტეგრირებული იმპლანტი.

👉თუ ამ ჩამოთვლილთაგან, რომელიმე გაწუხებს, მაშინ აუცილებლად უნდა გააგრძელო სტატიის კითხვა.

იმისთვის, რომ ჩვენთან მობრძანდეთ კონსულტაციაზე, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა, კონკრეტულად თქვენთვის განსაზღვრული დრო კი ბუნებრივია სრულად გეთმობათ მხოლოდ თქვენ და თქვენს ისტორიას, რამაც ჩვენამდე მოგიყვანათ.

როცა მობრძანდებით, ყველა დაწესებული რეგულაციის გათვალისწინებით, ერთმანეთს შევხვდებით. სწორედ მაშინ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი, პირველი შეხვედრა ექიმისა და პაციენტის.

კონსულტაციის დასაწყისში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ კონკრეტულად იმაზე, თუ რა გაწუხებთ და რამ მოგიყვანათ ჩვენამდე. შემდეგ კი ხდება პირის ღრუს კლინიკური დათვალიერება, აუცილებელია თან იქონიოთ პირის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა, ხოლო თუ ის არ გაქვთ, შეგიძლიათ გადაიღოთ ადგილზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის სწორი დაგეგმარებისთვის, რადგან ექიმმა სრულფასოვნად  დაინახოს და შეაფასოს თითოეული კბილის, როგორც ფესვი ასევე გვირგვინის, კბილთა რკალისა და კბილის ირგვლივ ქსოვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კომპიუტერული ტომოგრაფიის განხილვაში ჩართულია სხვადასხვა მიმართულების სტომატოლოგთა გუნდი: ორთოპედი, თერაპევტი, ქირურგი, პაროდონტოლოგი და ორთოდონტი, ეს გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რადგან დაგეგმარების დროს არ უნდა გამოგვრჩეს არცერთი თუნდაც უმნიშვნელო დეტალი, უნდა მოხდეს თითოეული კბილის  ყველა მიმართულებით შეფასება.

კომპიუტერული ტომოგრაფიის სრულად განხილვის შემდეგ, შევადგენთ მკურნალობის გეგმას, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი და განმარტებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, თუ როგორ უნდა დაიწყოს მკურნალობა, რა ეტაპებია გასავლელი, რა დრო არის ამისთვის საჭირო და რა შედეგს უნდა ველოდეთ მკურნალობის დასრულებისას.

მას შემდეგ , როცა გაეცნობით მკურნალობის გეგმას იწყება ფოტო და ვიდეო პროტოკოლი, რომელიც, ასევე აუცილებელია წარმატებული ორთოპედიული მკურნალობისთვის.  გარდა ამისა, გვეხმარება თვალნათლივ დავინახოთ და შევაფასოთ ის გზა, რომელსაც  ერთად გავივლით.

დენტალ ლაინი – თქვენი პირადი სტომატოლოგი

ნინო ხარაზი - ექიმი ორთოპედი