fbpx
როგორ დავიცვათ თავი კარიესისგან?!

როგორ დავიცვათ თავი კარიესისგან?!

რა არის კარიესი?

კარიესი –  არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომლითაც დაავადებულია მოსახლეობის დაახლოებით 95%.

კარიესი არის პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რის შედეგადაც ყალიბდება კარიესული ღრუ.

კარიესის ხელშემწყობი ფაქტორები?

არსებობს კარიერსის მრავალი ხელშემწყობი ფაქტორი, თუმცა უმეტეს შემთხვევებში კარიესის გამომწვევი მიზეზი არის:

  • პირის რრუს არასათანადო ჰიგიენა
  • მემკვიდრული წინაპირობა
  • კვების ხასიათი – კერძოდ მიკროელემენტების, ცილებისა და ვიტამინების დეფიციტი
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები
  • შაქრიანი დიაბეტი
  • დაბალი იმუნიტეტი და სხვა.

კარიესის რამდენი სტადია არსებობს?

არსებობს კარიესის ოთხი სტადია, ესენია:

  • ლაქის სტადია –ეს არის კარიესის განვითარების ადრეული სტადია. კბილის მინანქარზე ჩნდება თეთრი ან პიგმენტური ლაქა. ამ დროს მინანქარში მცირდება კალციუმის, ფტორის, ფოსფორისა და სხვა მიკროელემენტების შემცველობა. მინანქარი კარგავს ერთფეროვნებასა და ბზინვარებას, შემდეგ კი რბილდება.
  • ზედაპირული კარიესი – ამ დროს დესტრუქციული პროცესები მიმდინარეობს მხოლოდ მინანქარში.
  • საშუალო კარიესი – ამ შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი სცილდება მინანქარ–დენტინის საზღვარს, თუმცა ფესვამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილი აშორებს.
  • ღრმა კარიესი – ასეთ დროს ფესვამდე დარჩენილია კბილის საღი ქსოვილის ძალიან თხელი ფენა. თუ კარიესს დროულად არ ვუმკურნალებთ, კარიესი შეიძლება გართულდეს, რაც გამოიხატება პულპიტითა(ნერვის ანთება) და/ან პერიოდონტიტით(ფესვის ირგვლივი ქსოვილების ანთება), რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, კბილის დაკარგვის მიზეზი გახდეს.

რატომ  ზიანდება კბილები?

პირის ღრუ სავსეა ბაქტერიებით, რომლებიც უერთდებიან საჭმლის პატარა ნაწილაკებს, აგრეთვე ნერწყვს და ქმნიან წებოვან თხელ ფოლაქს რომელიც ცნობილია, როგორც კბილის ნადები. ისინი შემდგომში ემაგრებიან კბილებს.

როდესაც მოიხმართ ნახშირწყლებით მდიდარ საკვებსა და სასმელს, განსაკუთრებით კი ტკბილს საჭმელს და სასმელს, კბილის ნადებში ბინადარი ბაქტერიები მათ თავიანთი ენერგიის წყაროდ მოიხმარენ და  წარმოქმნიან მჟავას.

თუ კბილის ნადები დიდი ხნით გაჩერდება კბილზე, მჟავას შეეძლება დაიწყოს კბილის გარეთა საფარის დაშლა და შემდეგ შეიჭრას კბილის უფრო რბილ ქსოვილში და საბოლოოდ კბილის ცენტრალურ ნაწილში.

რა ნიშნებით და სიმპტომებით ხასიათდება კარიესი?

კბილის კარიესმა შეიძლება არ გამოიწვიოს რაიმე სიმპტომი, სანამ ის უკვე შორსწასულ სტადიას არ მიაღწევს. როდესაც ეს პრობლემა უკვე განვითარდება, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • კბილის ტკივილს
  • კბილის მგრძნობელობას – ტკივილს ან დისკომფორტს, როდესაც ვჭამთ ან ვსვამთ რაიმე ცხელს, ცივს ან ტკბილს
  • ნაცრისფერ, ყავისფერ, ან შავ ლაქებს კბილებზე
  • ცუდ სუნს პირიდან
  • პირის ღრუში არასასიამოვნო გემოს.

თუ ასეთ კბილს არ უმკურნალეთ, შესაძლოა განვითარდეს დამატებითი პრობლემები, როგორიცაა ღრმულები კბილებში, ღრძილების დაავადება – გინგივიტი ან პაროდონტიტი.

როგორ მკურნალობენ კბილის კარიესს?

კბილის კარიესის საწყისი ფაზის შემთხვევაში, კბილის დამატებითი დაზიანების შესაჩერებლად ექიმმა, დაზიანებულ ადგილზე შეიძლება წაგისვათ ფტორ-ლაქი.

თუ კბილის კარიესმა გაცვითა კბილის გარეთა ფენა და ჩამოყალიბდა ფოსო, ექიმი კარიესის ადგილს გაასუფთავებს, მოხსნის დაზიანებულ შრეებს და ღრმულს ამოავსებს ბჟენით.

თუ კბილის შუა ნაწილში არსებული ნერვი დაზიანებულია, შეიძლება საჭირო გახდეს არხების მკურნალობა, რომელიც მოიცავს ნერვის ამოღებას და კბილის დაბჟენას ბჟენით ან გვირგვინით.

თუ კბილი ისეა დაზიანებული, რომ ვერ ხერხდება აღდგენა, შეიძლება საჭირო გახდეს მისი ამოღება.