fbpx

რა არის მინი იმპლანტი ორთოდონტიაში?

რა არის მინი იმპლანტი ორთოდონტიაში?
ორთოდონტიაში მინი იმპლანტებს უწოდებენ პატარა ზომის ვინტებს, რომლებიც თავსდება ძვალში, ძირითადად კბილების ფესვებს შორის, მათ ორთოდონტები იყენებენ როგორც საყრდენს კბილების სხვადასხვა მიმართულებით გადასაადგილებლად.
თანკბილვის გასწორება საკმაოდ რთული პროცესია, აქ ექიმის ცოდნა, გამოცდილება, მაღალი ხარისხის ბრეკეტ სისტემების და მასალების გამოყენება არის საჭირო.
ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ ბრეკეტი საკმარისია თანკბილვის გასასწორებლად, ხშირად ასე არაა, ბრეკეტს თავისი ლიმიტები აქვს, მათი დახმარებით ყველანაირი მიმართულებით კბილის გადაადგილება შეუძლებელია, იდეალური შედეგისთვის ექიმს სჭირდება მკურნალობის პროცესში დამატებითი აპარატების და ზემოთ ხსენებული მინი ვინტების ჩართვა.
მნიშვნელოვანია მოვახდინოთ დიფერენცირება კლასიკურ იმპლანტსა და ორთოდონტიულ მინი იმპლანტს შორის. მათ საერთო არაფერი აქვთ, განსხვავდებიან, როგორც დანიშნულებით, ფუნქციით, ზომით, მათი ძვალში მოთავსების მექანიზმითაც კი.
იმპლანტი –  ეს არის ხელოვნური ფესვი, რომელიც დაკარგული კბილის ადგილას ჯდება ძვალში, მასზე ემაგრება გვირგვინი კბილი, მისი საშუალებით ხდება დაკარგული კბილის ჩანაცვლება და ღეჭვითი ფუნქციის აღდგენა.
ორთოდონტიული მინი იმპლანტი ეს არის მცირე ზომის ვინტი, მისი ზომა დიამეტრით 2 მმ-ს არ აღებატება, რაც მის ჩასმას ძალიან მარტივს ხდის, არ ჭირდება დრო რომ შეხორცდეს, მისი დატვირთვა ხდება ორთოდონტის მიერ დაუყოვნებლივ. მასალა არის ჰიპოალერგიული და იმის შანსი, რომ ორგანიზმმა ის არ მიიღოს ფაქტიურად არ არსებობს. მის მოთავსებამდე არაა საჭირო არანაირი ანალიზები, რაც სტანტარტული იმპლანტაციის წინ აუცილებელია. იმაზე თუ როგორია მინი იმპლანტის ჩასმის პროცედურა და სხვა თემებზე შემდეგ სტატიაში მოგიყვებით.
ანა ვეფხვაძე - ორთოდონტი