თანკბილვის ანომალიები 

ორთოდონტია წარმოადგენს კბილების არასწორი დგომისა და თანკბილვის გასწორების ყველაზე ეფექტურ გზას.

რა არის თანკბილვა? 

თანკბილვა – ზედა და ქვედა ყბის კბილების სწორი შეთანასოვნებაა. თანკბილვას დიდი გავლენა აქვს როგორც პირის ღრუს, ისე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.

რა შეიძლება იყოს თანკბილვის ანომალიის გამომწვევი მიზეზი? 

კბილების და ყბა-სახის განვითარება კომპლექსურია, ის დამოკიდებულია როგორც გენეტიკურ, ასევე გარემო ფაქტორებზე.

გარემო ფაქტორებს მიეკუთვნება: პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, სარძევე კბილების ადრეული და / ან გვიანი მოცვლა, პირით სუნთქვა, ენის არასწორი მდებარეობა ყლაპვის დროს, არასწორი კვება, თითების წოვა, ენის წოვა, საწოვარას ხანგრძლივი გამოყენება და სხვა.

ხშირად გენეტიკურ ფაქტორს თან ერთვის გარემო ფაქტორებიც, რაც უფრო ართულებს თანკბილვის ანომალიას. ამიტომ, თუ შენიშნავთ, რომ თქვენს პატარას რომელიმე ზემოთ აღნიშნული პრობლემა აქვს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ორთოდონტთან!

 

რომელი ანომალიები  გვხვდება ყველაზე ხშირად? 

 

ჯვარედინი თანკბილვა – როდესაც ქვედა ყბა გადანაცვლებულია გვერდით, დარღვეულია ზედა და ქვედა ყბის კბილების ცენტრის თანხვედრა.

ღია თანკბილვა – როდესაც კონტაქტი უკანა კბილებს შორის გვაქვს და წინა კბილები ვერ ეხება ერთმანეთს.

ღრმა თანკბილვა – როდესაც დახურვისას ზედა ყბის წინა კბილები ძალიან გადმოკბილავს ქვედა ყბის კბილებს.

მეზიალური თანკბილვა – როდესაც ქვედა ყბა გადმოკბილავს ზედა ყბას.

დისტალური თანკბილვა – როდესაც ზედა ყბის ალვეოლური მორჩი და კბილები გამოწეულია წინ, ქვედა ყბა განივითარებელია.

 

რომელ ასაკში შეიძლება ვუმკურნალოთ თანკბილვის ანომალიებს? 

ზემოთ ჩამოთვლილ ანომალიებს შეიძლება ვუმკურნალოთ ბავშვთა ასაკში, რაც ხელს შეუწყობს ყბა-კბილთა სისტემის ნორმალურ ჩამოყალიბებას. აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ბავშვთა ასაკში ყბების ძვლები განვითარების პროცესშია და მკურნალობის დასრულების შემდეგ, შედეგი უფრო სტაბილურია.